წალენჯიხელ ლევან გაბედავას, რომელიც აშშ-ში სამუშაოს საძებრად იყო ჩასული და გაუჩინარდა, ადგილობრივი ქართველები შეუსვენებლად ეძებდნენ და საბოლოოდ, მისი ცხედარი (ლევანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა) ნიუჯერსის ტყეში, ხეზე იპოვეს და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იმავე ტყეში პოლიციელები და მაშველები, ტექნიკის გამოყენებით, 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ გაუჩინარებულ საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ ვერ იპოვეს და ძებნა ოფიციალურად შეწყვიტეს.
ამის მიუხედავად, კვირას, დილიდან უამრავი სხვადასხვა ასაკის ადამიანი შეიკრიბა და გაუვალ, ჭაობიან ტყეში ლევან გაბედავას ცხედარი 5 საათიანი ძებნის შემდეგ იპოვა. ეს ჯამში ქართველების მობილიზების მეათე დღე იყო…
სწორედ მათ უხდის მადლობას აშშ-ში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი, ლევან გაბედავას მეგობარი, რომელიც ჯგუფში წერილს აქვეყნებს:
“ლევანის ტრაგიკული სიკვდილით გამოწვეული ენით აღუწერელი ტკივილის მიუხედავად უფლება არ მაქვს ეს პოსტი არ მივუძღნა და მადლობა არ გადავუხადო.
ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით, ადამიანებს,გულანთებულ ქართველებს,რომლებმაც გულთან იმდენად ახლოს მიიტანეს ეს ამბავი , რომ 10 დღის განმავლობაში ჩართული იყვნენ სრულიად უცხო ადამიანები სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში.
გაუვალ , ჭაობიან ტყეში, ბიჭები , გოგოები, უფროსი ასაკის ადამიანები თავდაუზოგავად მიიწევდნენ წინ . ერთ-ერთი ჭაობში ჩავარდნილა და კინაღამ ტრაგედიაზე ტრაგედია დაგვემატა,მაგრამ ამ ფაქტის მიუხედავად უკან არავის დაუხევია.
ყველა იმედით მიიწევდა წინ,ყველას მაინც გვჯეროდა,რომ სადღაც ცოცხლისთვის უნდა მიგვესწრო და გადაგვერჩინა.
მაგრამ სამწუხაროდ……კვირა დღეს , 5 საათიანი ძებნის შემდეგ, ერთმა ზარმა ყველას თვალებში იმედის უკანასკნელი ნაპერწკალი ჩააქრო და ცრემლში ჩაახრჩო. ვიხილეთ კადრი,რომელიც არასოდეს წაიშლება ჩემი თვალებიდან.
მადლობა გმირო ქართველებო !!!მადლობა დახმარებისთვის ,მადლობა ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის და მადლობა კარგი ქართველობისთვის!
თქვენმა გმირობამ და თანადგომამ, ჩვენმა სიმრავლემ იმ დღეს, გაოცება გამოიწვია ამერიკელებში. პოლიციამ 4 დღე უშედეგოდ,ტექნიკის დახმარებით ვერ მიაგნო და შეწყვიტა ძებნა. გაოცებული კითხულობდნენ ეს როგორ მოახერხეთ , ან ამდენი ხალხი ვინ არიანო ? სამძიმარს გვიცხადებდნენ ,აღნიშნავდნენ ,რომ მსგავსი რამ პირველად ნახეს და თან მადლობას გვიხდიდნენ.
მართალია დღეს საშინლად მძიმე რეალობის წინაშე ვდგავართ , მაგრამ თქვენი ძალისხმევით ჩვენს ლევანს საფლავი მაინც ექნება,ქართული მიწა მიიბარებს მის შვილს და უცხო მიწაზე უკვალოდ აღარ გაქრება მისი სახელი.
მეგობრებსაც უკვე გვეცოდინება სად არის ჩვენი ძმობილი.ღმერთმა შეუნდოს ყველა ცოდვა ,დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი და გაანათლოს მისი სული !
ვისაც საშუალება გექნებათ, ერთი სანთელი დაანთეთ მის სახელზე და ღმერთს შესთხოვეთ შეუნდოს ყველა ცოდვა !
ყველას მადლობა კიდევ ერთხელ გულისხმიერებისთვის ! მხარდაჭერისთვის ! ტკივილის გაზიარებისთვის !”, – წერს ლევან გაბედავას მეგობარი.