გასულ კვირას ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი პაოლო როსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფეხბურთელის გასვენების დროს მძარცველებმა მისი სახლი გატეხეს.
BBC-ის ცნობით, ზუსტად იმ დროს, როცა როსის გასვენების ცერემონია იმართებოდა, მძარცველები მის სახლში შეიჭრნენ. მოპარულია რამდენიმე საათი და გაურკვეველი ოდენობის თანხა.
მსგავსი ფაქტი რთული გასახასენებელია. ფეხბურთელების სახლები მათი მატჩების პარალელურად ბევრჯერ გაუძარცვავთ, მაგრამ დაკრძალვის დროს ასეთი რამ შესაძლოა პირველად მოხდა.
მძარცველები ამ დრომდე ძებნაში იმყოფებიან. გამოძიება გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ოქროს ბურთის მფლობელი პაოლო როსი ბოლო დროს საფეხბურთო ექსპერტად Rai Sport-ზე მუშაობდა.
როსიმ იტალიის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 48 შეხვედრაში 20 გოლი შეაგდო. საკლუბო დონეზე გამართულ 338 მატჩში კი თავი 134-ჯერ გამოიჩინა.










