ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემიის შესახებ გამოაცხადა. განცხადება ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით, რომ დაინფიცირების შემთხვევების, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დაავადება „COVID-19“ შესაძლოა შეფასდეს, როგორც პანდემია“ – განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.
„პანდემია არ არის სიტყვა, რომელიც მსუბუქად ან დაუდევრად უნდა გამოვიყენოთ. ეს სიტყვაა, რომელსაც თუ არასწორად გამოვიყენებთ, შესაძლოა არაგონივრული შიში გამოიწვიოს ან გაუმართლებელი აღქმა, რომ ბრძოლა დასრულდა. სიტუაციის, როგორც პანდემიის აღწერა არ ცვლის ჯანმოს შეფასებას კორონავირუსით გამოწვეულ საფრთხესთან დაკავშირებით. ეს არ ცვლის იმას, რასაც ჯანმო აკეთებს და იმას, რაც სახელმწიფოებმა უნდა გააკეთონ. ჩვენ არასოდეს გვინახავს კორონავირუსით გამოწვეული პანდემია და არასოდეს გვინახავს პანდემია, რომლის კონტროლი შეიძლება“, – აღნიშნა ჯანმოს დირექტორმა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
პანდემია ეწოდება ძლიერ ეპიდემიას, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მოსაზღვრე ქვეყნებში და ზოგიერთ შემთხვევაში, მრავალ ქვეყანაში გავრცელებას.