უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში პოლიციამ 12 ადამიანის ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინა. გარდაცვლილი ქართველი 25 წლის ახალგაზრდა ქალია, რომელიც მიმტანად მუშაობდა.
გარდაცვლილებიდან 11 – უცხო ქვეყნის, ინდოეთის მოქალაქეა.როგორც ირკვევა, ინდოეთის მოქალაქეს ახალი გუდაურის ასასვლელთან მარსაგიშვილების კერძო სახლი ჰქონდა ნაქირავები, სადაც პირველ სართულზე იყო ინდური რესტორანი “ჰაველი”, მეორე სართულზე კი – რესტორნის თანამშრომლების მოსასვენებელი ოთახები, სადაც ღამით ეძინათ. სწორედ მეორე სართულზე დატრიალდა ეს ტრაგედია.
ცხედრები ტაქსის მძღოლმა იპოვა, რომელიც ობიექტს საყოფაცხოვრებო ნივთებით ამარაგებდა. გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანი გენერატორის გამონაბოლქვით გაიგუდა.
ირკვევა, რომ გუდაურში ინდოეთის 11-მა მოქალაქემ საცხოვრებელი ფართი 2 წლის წინ იქირავა და იქ საკვებ ობიექტს ამუშავებდნენ. მათ ადგილობრივები კარგად იცნობდნენ. გარდაცვლილთა ასაკი 25 წლიდან 40-წლამდე მერყეობს. მათგან 8 მამაკაცი და 4 ქალია. გარდაცვლილთა შორისაა რესტორნის მფლობელი, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა.
გარდაცვლილებს შორის არის საქართველოს მოქალაქე 25 წლის გურანდა ჩხაიძე.
“დღეში რამდენჯერმე მიკავშირდებოდა, თუმცა ბოლო რამდენიმე საათი კონტაქტზე აღარ გამოვიდა, ამიტომ წავედი გუდაურში. როცა ჩავედი იქ უკვე პოლიცია დამხვდა, შიგნით არ შემიშვეს, თუმცა მითხრეს, რომ 12 ადამიანია გარდაცვლილი” – ამბობს გარდაცვლილის ძმა “კურიერი PS”-თან საუბრისას.