„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს.
როგორც საია-ს იურისტმა ნიკა სვიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს პარლამენტს კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნებით მიმართავენ.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არის საფრთხის შემცვლელი გამოხატვის თავისუფლებასთან, მედიის საქმიანობაში ჩარევის თვალსაზრისით. იმაზე მითითება, რასაც კომისია გვეუბნება, რომ ეს არ არის მედიისთვის მომზადებული კანონპროექტი, შესაძლოა, ამას კომისია ამბობს, თუმცა მომზადებული კანონპროექტიდან სხვანაირად იკითხება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებთან, ეს მაინც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მედიის საქმიანობაში მოხდეს ჩარევა როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ბერკეტების საშუალებით”- განაცხადა საია-ს იურისტმა.
ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.
კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.