ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების
კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია
გაიარა. კომპანიამ ავტორიზაციის მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიას 2022 წლის 8
ივლისს მიმართა. Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად
ემზადება. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის
თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ
მომსახურებას მიაწოდებს.
შეგახსენებთ, რომ „SpaceX“-ის წარმომადგენელი გასული თვის ბოლოს კომუნიკაციების
კომისიას სტუმრობდა, სადაც კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებთან ერთად
SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების
საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიისა და Starlink-ის
წარმომადგენლები ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ
სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე
ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც
ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.
SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO)
თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და
საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის
არმქონე დასახლებებშია.
Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ
არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის
ხელმისაწვდომი იქნება.










