დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, ვაკის პარკში დაღუპულ 13 წლის მარიტას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს:
“დღევანდელი მთავრობის სხდომა ვერ იქნება ჩვეულებრივი ფორმატის. 13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულიად შეცვალა, არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი.
მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო პატარა გმირის – მარიტას ოჯახს, მივუსამძიმრო მის ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, თბილისს, სრულიად საქართველოს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას!
რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს? ამ კითხვას პირველ რიგში, გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც მთელი ჩვენი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს. დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის, მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე პირადადაც, მზად ვარ, თუ ჩემი, თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე.”-განაცხადა კახი კალაძემ.