კასპის სოფელ მეტეხში გიორგი სააკაძის ნეშთს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ავრცელებს.
გამოქვეყნებულ ცნობაში წერია, რომ გათხრები სააკაძის ნეშთის ძებნის ფონდმა დაიწყო.
არქეოლოგები მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში მუშაობენ. მუზეუმში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სააკაძის ნეშთის ნაცვლად, სავარაუდოდ, ვახტანგ გორგასლის პერიოდის ნივთები აღმოაჩინეს.
ფონდის ხელმძღვანელია ვიქტორ ნაცვლიშვილი , მდივანი ბესო ბოგველი. მათ არქეოლოგები მერაბ ძნელაძე და ირაკლი ანჩაბაძე დაიქირავეს.
ამჟამად, გათხრები ფინანსების არქონის გამო შეწყდა.
გიორგი სააკაძე 1629 წელს ოსმალეთში მოკლეს. ის ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ სულთანს ეახლა. თვით თურქი ისტორიკოსები წერენ, რომ სააკაძის მიზანი იყო ოსმალთა დახმარებით სპარსეთის დამარცხება და საქართველოს განთავისუფლება.
დიდი ვეზირის ხუსრევ-ფაშას ბრძანებით, სააკაძე, მისი ვაჟი ავთანდილი და 40-მდე მხლებელი შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს. ნეშთები კი, გადმოცემის მიხედვით, ხრამში გადაყარეს.
წყარო: qartli.ge