ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ახალგაზრდა ფიგურულად მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წყვილთა შეჯიბრებაში შესანიშნავად იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წევრებმა –კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ. მათ პირველ დღეს დაწყებული საქმე კარგად დაასრულეს და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
ჩვენი დუეტი მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა შეჯიბრებას. მას 67.77 ქულა ჰქონდა და 6 ქულით უსწრებდა მეორეადგილოსან კანადურ წყვილს.
საფინამ და ბერულავამ თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულეს და 120.35 ქულით აქაც პირველები იყვნენ და ტალინში საქართველოს ჰიმნიც ააჟღერეს.