? ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის კომპანიამ „ლიკო-1″-მა ქუთაისის მუნიციპალიტეტის 294 545 ლარის ტენდერი მოიგო. ხუთი ტენდერიდან ოთხ შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია – ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ახალ კვლევაში წერს.
“ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის კომპანია ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტენდერებს იგებს. აღსანიშნავია, რომ თავად იუზა უგულავა 2019 წლიდან ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიას.
სწორედ 2019-2021 წლებში გაიმარჯვა ქუთაისის მერიის მიერ აუქციონის გარეშე გამოცხადებულ 5 ელექტრონულ ტენდერში შპს “ლიკო-1”-მა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ზაალ ხიდაშელი, რომელიც ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორია. იუზა უგულავა და ზაალ ხიდაშელი ფლობენ 50-50%-იან წილებს შპს “იუკოში”, რომლის დირექტორიც ასევე ხიდაშელია.
ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 294,545 ლარი შეადგინა. 2019 წელს 114,220 ლარის ტენდერი მოიგო, 2020 წელს – 16,000 ლარის, ხოლო 2021 წლის 5 მარტს კომპანიასთან 164,325 ლარზე გაფორმდა ხელშეკრულება. ხუთი ტენდერიდან ოთხ შემთხვევაში შპს “ლიკო-1”-ს კონკურენტი არ ჰყოლია. კომპანიას ქუთაისის სკვერებისთვის ძელსკამები უნდა დაემზადებინა და დაემონტაჟებინა.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,[1] იუზა უგულავა ვალდებული იყო, განეცხადებინა ინტერესთა კონფლიქტის[2] არსებობის შესახებ (რადგანაც ტენდერში მონაწილე კომპანიის წილის მფლობელი და დირექტორი მისი ბიზნესპარტნიორია) და შეეწყვიტა აღნიშნული შესყიდვების განხილვის პროცესში მონაწილეობა[3].
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, ტენდერებში შპს “ლიკო-1”-ის გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასთან და შემსყიდველი ორგანიზაციების მიუკერძოებელ მიდგომასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ ქუთაისის მერიის ტენდერებში შპს “ლიკო-1”-ის გამარჯვების კანონიერების საკითხი.” – წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაში.