ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, „დედაქალაქში მიმდინარე აქციების დროს დაშავებულ პოლიციელებზე“.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის, რაც დედაქალაქში გასული თვეების განმავლობაში ხდებოდა, უცხოეთიდან იმართებოდა.
„ნუ ელოდებით, რომ რაიმე ტიპის განცხადება გაკეთდება, იმიტომ, რომ ის, რაც დედაქალაქის ქუჩებში ხდებოდა, რა თქმა უნდა, ხდებოდა უცხოეთიდან დაფინანსებით. ეს იყო ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესი და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. შესაბამისად, ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და დაგმობს პოლიციელებზე თავდასხმას – იმ უბედურებას, რაც ხდებოდა პეტარდების, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლით. ეს, რა თქმა უნდა, მოდიოდა უცხოეთიდან, უცხოური თანხებით და უცხოეთიდან ორგანიზებული რევოლუციური სცენარი იყო, თუმცა არ გამოუვიდათ. დღეს სახელმწიფო და მისი ყველა ინსტიტუცია მოწოდების სიმაღლეზეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.