1 ოქტომბერს თელ-ავივში, იაფას რაიონში ორმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის დროს დაიჭრა საქართველოს მოქალაქე, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საელჩო ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს დაღუპული თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს.
“ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს პირველ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას. საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია, მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მომხდარის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, რამდენიმე დაშავებულია. სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.