რამდენად ეფექტიანია გადაადგილებასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვა – დაავდებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ღამის მობილობის სერიოზული დაგდება ახალ ინფიცირებულთა შემცირების მიმართულებით სერიოზულ შედეგს იძლევა, რის შესახებაც სამეცნიერო ლიტერატურაში ბევრი მტკიცებულება არსებობს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
„ისმის კრიტიკა, ამაზეც საუბრობენ, რომ რა, ათ საათზე კორონა იძინებს და ხუთ საათზე იღვიძებსო? ეს არასერიოზულია. სამეცნიერო ლიტერატურაში ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, რომ ღამის მობილობის სერიოზული დაგდება ახალ ინფიცირებულთა შემცირების მიმართულებით სერიოზულ შედეგს იძლევა. ისევე, როგორც სხვა შეზღუდვები და რაც მთავარია, პრევენციული ღონისძიებები. ცალკე აღებული ერთი შეღუდვა არაფერს მოგვცემს, თუ ის კომპლექსში არ კეთდება, რამდენიმე ღონისძიებასთან ერთად“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება პირბადის გამოყენებას, გამყრელიძის განმარტებით, დიდი ინსტიტუციების რეკომენდაციებით, მხოლოდ პირბადის 95 პროცენტიანი გამოყენების შემთხვევაში ევროპაში თებერვლისთვის გარდაცვალებას დაახლოებით, 266 000 ადამიანი გადაურჩება.









