სახალხო დამცველი რუსთაველზე განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ეხმაურება და შსს-ს მოუწოდებს აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ლომჯარიას თქმით, დაძაბული ფონი გაამძაფრა, პრემიერის განცხადებამ. ომბუდსმენი თანამდებობის პირებს ახსენებს მათივე კონსტიტუციურ ვალდებულებას.
“პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან „რევანშისტული და რადიკალური“ პოლიტიკური ძალები დგანან.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირები საჯარო სივრცეებს დროულად განარიდონ.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ფიზიკური თავდასხმების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა, ადგილზე რამდენჯერმე იყო დაპირისპირება. ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. პოლიციას დაკავებული ამ დრომდე არავინ ჰყავს.
ძალადობრივმა ჯგუფებმა ჯერ “სირცხვილიას” ოფისში შეჭრა სცადეს, ჩალეწეს შუშები და დაარბიეს ტერიტორია, მოგვიანებით “თბილისი პრიდის” შენობაში აივნიდან აძვრნენ, დაწვეს დროშები, დააზიანეს ინვენტარი.