ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ ირანის მიერ ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა უარყო.
„ჩვენ თავს არ ვესხმით მეზობელ ქვეყნებს. ამ ინციდენტის შესახებ თქვენგან გავიგე. უნდა გამოვიკვლიო ის, ამ ინფორმაციის წყარო და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ირანის პოლიტიკა მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმას არ ითვალისწინებს.
„ირანის პოლიტიკა არ ითვალისწინებს მეზობელი ქვეყნების მიზანში ამოღებას, ან მათზე თავდასხმას, თუკი იქ ჩვენი მოწინააღმდეგეების, კერძოდ სიონისტური რეჟიმისა და შეერთებული შტატების ბაზები არ არის აქტიური და არ გამოიყენება იმისთვის, რომ თავს დაესხან უდანაშაულო ხალხს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. თავიდანვე ვაცხადებდით, რომ თუ რეგიონში არსებული ბაზები ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენება, ჩვენ მათ მიზანში ამოვიღებთ“, – განაცხადა მან.










