ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა, ირანის პასუხმაც არ დააყოვნა და უკვე ცნობილი ხდება, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი დრონი გაუშვა.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელი მათ განეიტრალებაზე მუშაობს.
ირანიდან გაშვებულ დრონებს ისრაელამდე მიღწევისთვის რამდენიმე საათი დასჭირდებათ.
„საჰაერო თავდაცვის ყველა სისტემა საფრთხეების მოსაგერიებლად მუშაობს. ეს განსხვავებული მოვლენაა იმისგან, რაც აქამდე გამოგვიცდია და რთულ საათებს ველით. უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა და მოთმინება“, – განაცხადა ეფი დეფრინმა.
მისი თქმით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები გამთენიისას განახორციელა.
პრესკონფერენციაზე გენერალმა დეფრინმა განაცხადა, რომ დღეს დილით ირანზე განხორციელებულ პირველ დარტყმებში მონაწილეობა 200-ზე მეტმა ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა მიიღო. მისი თქმით, დარტყმების დროს გამანადგურებლებმა 330-ზე მეტი საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს.
თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა თავდასხმის პირველი ეტაპი განახორციელა, რაც მოიცავს „ათობით სამხედრო სამიზნეზე, მათ შორის ირანის სხვადასხვა რაიონში ბირთვულ სამიზნეებზე დარტყმებს“.
თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის ხელში არსებული მასობრივი განადგურების იარაღი “ეგზისტენციალურ საფრთხეს“ წარმოადგენს ისრაელისთვის და ფართო მსოფლიოსთვის.
ისრაელის არმიამ ოპერაციის დროს დაღუპული ირანელი მაღალჩინოსნების სია გამოაქვეყნა:
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკეროს განცხადებით, ისრაელმა დაიწყო “პრევენციული, ზუსტი, კომბინირებული შეტევა“ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დასარტყმელად.მისი თქმით, დარტყმები იყო პასუხი „ირანის რეჟიმის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე“.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დარტყმები ოპერაცია “აღმავალი ლომის” ნაწილი იყო და დასძინა, რომ ირანი ისრაელის გადარჩენისთვის საფრთხეს წარმოადგენს. წაიკითხეთ ვრცლად;