ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა კორონავიურსის უმძიმესი მეორე ტალღის ფონზე კიდევ ერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
ინდოეთში, ქალაქ მუმბაიში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ რამდენიმე ათეულ პაციენტს მუკორმიკოზი განუვითარდა.
ინდოელი ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ მუკორმიკოზი, რომლის სიკვდილიანობაც 50%-ს შეადგენს, შესაძლოა, კორონავირუსის მკურნალობის პერიოდში სტეროიდების გამოყენებით იყოს გამოწვეული.
გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, მიმდინარე წლის თებერვლამდე პერიოდში, ინდოეთის 6 ქალაქში მუკორმიკოზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 58 პაციენტს გამოუვლინდა. ისინი კორონავირუსისგან 12-15 დღის გამოჯანმრთელებულები იყვნენ.
მუმბაიში ბოლო ორი თვის განმავლობაში სოკოვანი ინფექციის 24 შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს უჩვეულო ფაქტია, ვინაიდან მანამდე, მუკორმიკოზის წლიური შემთხვევების რაოდენობა 10-ს არ აღემატებოდა.
მუკორმიკოზის ინფექცია ვითარდება ობის სოკოების სპორების ჩასუნთქვის შედეგად. ეს ინფექცია ყველაზე შირად აზიანებს ცხვირს, სინუსებს, თვალებსა და ტვინს – ინფექციის ამ ფორმას უწოდებენ რინოცერებრულ მუკორმიკოზს. ეს მძიმე და პოტენციურად ფატალური ინფექცია ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ, რაც შეიძლება სხვადასხვა დარღვევით იყოს გამოწვეული.
მისი სიმპტომებია: ტკივილი, ცხელება და თვალბუდის ინფექცია (ორბიტალური ცელულიტი), რასაც თან ახლავს დაზიანებული თვალის ამობურცვა (ეგზოფთალმი). შეიძლება ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი გაჩნდეს. ინფექციის შედეგად შეიძლება დაზიანდეს პირის ღრუს სასა, თვალბუდის გარშემო არსებული სახის ან სინუსების ძვლები, ან ნესტოებს შორის არსებული ძგიდე. ტვინში განვითარებულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ნაწილობრივი დამბლა და კომა. ფილტვების მუკორმიკოზი იწვევს ცხელებას, ხველასა და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელებას, რასაც საბოლოოდ ლეტალობა მოსდევს.
ჯერჯერობით უცნობია, პოსტკოვიდური პერიოდში მუკორმიკოზის ინფექციით რამდენი ადამიანი დაიღუპა ინდოეთში.