საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო და ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით აქტიურად მიმდინარეობს. ფერმერები მიწის ფართობებს ინტენსიურად ამუშავებენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ლევან კიკნაველიძე, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს იმერეთის აგროზონის დირექტორი არჩილ ბუკია, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და ამავე მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, რამდენიმე ფერმერის მუშაობას ადგილზე გაეცვნენ.
მათ შორის არის სახელმწიფო პროგრამებით, ,,აწარმოე საქართველოში“ და ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსებული კომპანია ,,მწვანე მდელო“, რომელიც საგაზაფხულო სამუშაოებს უსაფრთხოების ყველა ნორმისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ახორციელებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში კომპანია ფლობს დაახლოებით 27 ჰექტარ მიწას და დამატებით 8 ჰექტარი არენდით აქვს აღებული სახელმწიფოსგან. 15 ჰექტარზე ლურჯი მოცვის კულტურა, ხოლო დანარჩენზე მწვანილის სახეობები იწარმოება. გასულ წელს კომპანიამ დაახლოებით 55000 კგ მწვანილის ექსპორტი და რეექსპორტი განახორციელა ევროპის მიმართულებით.
სამუშაოები დაწყებულია საჩხერის მუნიციპალიტეტშიც. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დახვნა აქტიურ ფაზაშია. გასულ წელთან შედარებით, 2020 წელს მუნიციპალიტეტში, მეტი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი დამუშავდება. უკვე დათესილია საშემოდგომო ხორბალი. ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით სარწყავი სისტემის რეაბილიტაციაც განხორციელდა, რაც ხელშ შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას. საგაზაფხულო სამუშაოები იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.