2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ზედამხედველობის ფარგლებში, ათამდე ბიზნეს ოპერატორს კრიტიკული შეუსაბამობა დაუდგინა. ამის შესახებ სეს-ის ყოველწლიურ ანგარიშშია საუბარი.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ამათგან 3 ბიზნეს სუბიექტი არ დაემორჩილა სურსათის ეროვნული სააგენტოს წინა მითითებას, საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ.
უფრო კონკრეტულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ აკრძალვის მიუხედავად, საქმიანობას მაინც აგრძელებდნენ: თბილისში მდებარე კაფე-ბარი „ქარრი პოტ“, სოფელი დიაკონიძეებში ინდმეწარმე, რომელიც ნახევარფაბრიკატების წარმოება-რეალიზაციას ახორციელებდა და სიღნაღის სოფელ საქობოში ინდმეწარმე, რომელიც ხორცის რეალიზაციით იყო დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი საწარმოო პროცესის შეჩერების მოთხოვნას წლის განმავლობაში 2 -ჯერ არ დაემორჩილა.
- „ფარკონი“ (იმერეთი) – აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოება, სუნელების დაფასოება;
- შპს „ემ ელ ფუდ გეორგია“ (სამეგრელო და ზემო სვანეთი) – სხვადასხვა დასახელების თხილის გადამუშავება;
- შპს „ჯეო“ (თბილისი) – აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოება, სუნელების დაფასოება;
- შპს „დონ ჩიჩო 2007“ (თბილისი) – საშაურმე;
- შპს „ჯიბე“ (სამეგრელო და ზემო სვანეთი) – საცალო და საბითუმო ვაჭრობა;
- შპს „ქარრი პოტ“ (თბილისი) – კაფე-ბარი.
ასევე ამ ჩამონათვალში მოხვდა რამდენიმე ინდმეწარმე (თბილისში, შიდა ქართლი, სიღნაღში, ხულოში), რომელთა საქმიანობის სფეროც იყო სურსათის მაღაზია, ხორცის რეალიზაცია, ნახევარფაბრიკატების წარმოება, სუნელების დაფასოება.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს 36 985 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა.
სტატისტიკის მიხედვით, აქედან 18 422 ინსპექტირება იყო, მათ შორის, 8 681 – გეგმური, 1 189 – არაგეგმური, აღიარების მინიჭების მიზნით – 274, გადამოწმება – 8 278, დოკუმენტური შემოწმება – 11 287, ხოლო მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა დასახელების სურსათის /სასმელი წყლის 6 174 ნიმუშია გამოკვლეული.
დოკუმენტის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მაჩვენებელმა 9.5% შეადგინა. ამასთან, ზედამხედველობა განხორციელდა 872 ბიზნესოპერატორთან; HACCP-ის აუდიტი, მათ შორის, მითითებების შესრულების მდგომარეობის გადამოწმება ჩატარდა 231 ბიზნესოპერატორთან; გამოვლინდა 3241 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.