სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი დაიხურა. სხდომის დახურვა პროკურატურის შუამდგომლობით მოხდა.
ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლილუაშვილის მხარე პროცესის დახურვის წინააღმდეგია.
“ჩვენ არ გვაქვს პოზიცია, რომ სხდომა დახურული იყოს, დასამალი არაფერი გვაქვს, მით უმეტეს, წარმოდგენილი მასალები არ იძლევა იმის საშუალებას, გრიგოლ ლილუაშვილი ცნობილი იყოს ასეთ კორუფციულ დანაშაულში. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს”, – აცხადებს გრიგალაშვილი, რომლის კომენტარსაც “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
კითხვაზე ხომ არ დაწყებულა ლილუაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება, ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის.
„ჯერჯერობით საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის. საპროცესო შეთანხმება ბრალდებულსა და პროკურატურას შორის ფორმდება, ჯერჯერობით პროკურატურასთან საუბარი არ გვქონია”.
ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










