სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.
“კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტად გამორჩეული პირველიერარქის, მრავალმხრივი განათლების მქონე, ქრისტეს დაუღალავი მსახურის, ალბანეთის ეკლესიის განმაახლებლის, აღიარებული თეოლოგისა და მშვიდობისმყოფელის; სოციალური, საგანმანათლებლო, საგამომცემლო, ახალგაზრდული და სხვა ცენტრების დამაარსებლის, ეკლესია-მონასტერთა მაშენებლის, ეკლესიათაშორისი ურთიერთობების აქტიური მონაწილის, მრავალი უმაღლესი სასწავლებლის საპატიო დოქტორისა და საერთაშორისო ჯილდოთა მფლობელის, უნეტარესი ანასტასიოსის გარდაცვალების გამო. ეს არასრული ჩამონათვალია იმ დამსახურებებისა, რაც მან აღასრულა უფლის სადიდებლად.
ვუსამძიმრებთ ალბანეთის ეკლესიის წმ. სინოდს, სამღვდელო და სამონოზვნო დასს, მთელ ალბანელ ხალხს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია უნეტარესი ანასტასიოსის ხსოვნა.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს მას, ხოლო მის სამწყსოს მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა”,_ წერია საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, რომელსაც ხელს აწერს ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.