შპს ენგურჰესში „რეორგანიზაციის“ პროცესის ფარგლებში 400-500 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება. ინფორმაცია მაუწყებელს თავად დასაქმებულებმა მიაწოდეს. მათი თქმით, საწარმოში მიმდინარეობს შტატების შემცირების პროცესი.
ენგურჰესის გენერატორები და ძირითადი სამუშაო ნაწილი მდებარეობს გალის რაიონის სოფელ საბერიოში, აფხაზეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საწარმოში ამჟამად დაახლოებით 1 100 ადამიანი მუშაობს, საიდანაც 70-80% ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებია.
დასაქმებულები აცხადებენ, რომ მათ ნაწილს საკუთარი განცხადების დაწერა სთხოვენ, რაც, მათი თქმით, ანაზღაურების გარეშე გათავისუფლებას გულისხმობს. ისინი აღნიშნავენ, რომ დასაქმებულთა დაახლოებით 90%-ს საბანკო ვალდებულებები აქვს, ბევრს კი ჯანმრთელობის პრობლემები და კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი დაზღვევა სჭირდება. მათი შეფასებით, გათავისუფლება მძიმე სოციალურ და დემოგრაფიულ შედეგებს გამოიწვევს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის შემცირების რისკს გაზრდის.
დასაქმებულები საკითხს მხოლოდ შრომით დავად არ განიხილავენ და აცხადებენ, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის თემასაც უკავშირდება. მათი თქმით, ენგურჰესი წარმოადგენს ერთადერთ მოქმედ ქართულ ინსტიტუციურ სივრცეს აფხაზეთის ტერიტორიაზე.
დასაქმებულები საქართველოს მთავრობას, კომპანიის მენეჯმენტსა და შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ საკითხის სოციალური და ეროვნული მნიშვნელობა.