იბრაჰიმ იაგანოვის “ქართული არჩევანი” – ასე ეხმაურება აფხაზური მედია რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ ტელევიზიაში, “აფხაზეთის ეროვნული გმირის” ჩართვას, სადაც იაგანოვმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე საკმაოდ თამამად ისაუბრა.
იბრაჰიმ იაგანოვს 1992-1993 წლებში აფხაზეთში შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის მინიჭებული აქვს “აფხაზეთის ეროვნული გმირის” წოდება. მან აფხაზური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ “აფხაზეთი თავისუფალი არ არის და იქ კანონი არ არსებობს.”
მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილმა “დაალაგა საქართველო და კანონი უმაღლეს დონეზეა, რასაც აფხაზეთმა 30 წელია ვერ მიაღწია.”
არსებული ინფორმაციით, იაგანოვს ახლო კავშირები აქვს ქართველებთან. თითქმის ყოველ წელს გადმოდის ქართულ მხარეს.
იაგანოვის გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივ მედიასა და ინტერნეტმომხმარებლებში. ნაწილმა ის მწავედ გააკრიტიკა, თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც მის პოზიციას ამართლებს.