თორნიკე მარჯანიშვილი – “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
დაიბადა 1960 წლის 11 ივლისს, ძირძველი ქუთაისელების რამაზ და ევგენია მარჯანიშვილების ოჯახში.
ქუთაისის 23 საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მიიღო ორი უმაღლესი განათლება: 1982 წელს დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი და 1993 წელს თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, მიხეილ თუმანიშვილის კლასი (წარჩინებით).
ბატონი თორნიკეს სამოცწლიანი ცხოვრების ისტორია, სრულად უკავშირდება მშობლიურ ქალაქს, არასოდეს წასულა ქუთაისიდან უკეთესი სამუშაოს, ან პირობების საძებნელად, არასოდეს უღალატია თანაქალაქელებისათვის, საკუთარი პრინციპებისათვის, საყვარელი თეატრისათვის…მისთვის ყველა გზა, ყოველთვის თეატრისაკენ მიდიოდა… იგი მუდამ ქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეს ემსახურებოდა, მუდამ მომავალი თაობის აღზრდით იყო დაკავებული. ამ მიზნით მან 2009 წელს ქუთაისის სასკოლო-თეატრალური ფესტივალი დააარსა, რომელიც ამ 10 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა და რომელმაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოიცვა. ასევე დააფუძნა დამოუკიდებელი ახალგაზრდული თეატრ-სტუდია „მარჯანიშვილელები“, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს და აფასებს.
თორნიკე მარჯანიშვილი არამარტო ქუთაისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, უამრავი მნიშვნელოვანი ღონისძიების ავტორი და ორგანიზატორია: საიუბილეო საღამოები, ბენეფისები, ლიტერატურული სპექტაკლები, გამოჩენილ ადამიანებთან შეხვედრა-დიალოგები, სახალხო დღესასწაულები, სასკოლო და საქალაქო კულტურული აქტივობები – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც მის სახელს უკავშირდება.
ქუთაისისა და იმერეთის რეგიონში პროფესიულ, სამოყვარულო თუ ახალგაზრდულ დასებთან დადგმული აქვს 100_მდე სპექტაკლი.
ამჟამად არის ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დამდგმელი რეჟისორი.
2007-2010 წლებში იყო ქუთაისის საკრებულოს წევრი ( დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი.)
ბატონი თორნიკე ღირსეული ქუთაისელია, ნიჭიერი რეჟისორი, ახალგაზრდების დიდი მეგობარი და პედაგოგი, ჩვენი ქალაქის დიდი გულშემატკივარი. ცხოვრობს პრინციპით:
„ყოველ დღესა შენ თავს ჰკითხო,-
აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“