გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი საქართველოს მოქალაქეებს – მ.შ.-ს და ჯ.გ.-ს, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ბილეთების შეძენას, აშშ-ში საცხოვრებლით, ასევე, სამსახურით უზრუნველყოფასა და სამუშაო ვიზების დამზადებას დაჰპირდა.
ბრალდებულმა აღნიშნულ მოქალაქეებს პასპორტები და ფული იმ მოტივით გამოართვა, რომ დოკუმენტებს ვიზის განაცხადის შესავსებად გამოიყენებდა, თუმცა თანხის მიღების შემდეგ შეთანხმება არ შეასრულა. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, იგი უკანონოდ დაეუფლა ჯამში 15 ათას 168 ლარს.
გარდა აღნიშნული ფაქტისა, გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ფ.-მ 2021 წელს თაღლითობის კიდევ რამდენიმე ფაქტი ჩაიდინა, რომლებზეც გამოძიებას აწარმოებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველო, ძველი თბილისის მთავარი სამმართველო და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველო.
თაღლითობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გრძელდება.