პროკურატურამ ცოლად შერთვის მიზნით მოტაცების საქმეზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 2 აგვისტოს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, თ.ნ.-მ ცოლად შერთვის მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ზ.ს.-სთან, შ.შ.-სთან და გ.თ.-სთან ერთად ა.რ.კ.-ს აღუკვეთა თავისუფლება.
როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ბრალდებულებმა ა.რ.კ. მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და ქალაქ კასპში, ზ.ს.-ს სახლში წაიყვანეს, სადაც დაზარალებული მისი ნების საწინააღმდეგოდ დაახლოებით 7 საათის განმავლობაში, პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე იმყოფებოდა.
„სამართალდამცველებმა თ.ნ., ზ.ს., შ.შ. და გ.თ. 3 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ოთხივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 40 წლის კაცმა, ცოლად შერთვის მიზნით, თანამზრახველების დახმარებით 23 წლის გოგო მოიტაცა.
შსს-ს ცნობით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.