“თავისი ფულის საჭრელი მანქანა უნდათ გააკეთონ ქუთაისის ცენტრალუ ბაღში” – ამის შესახებ კაფე-ბარ “სავანეს” ადვოკატმა ნინო მეფარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება თავად კაფე “სავანეს” მის ადგილას ოთხსეგმენტიანი ფანჩატურის ჩადგმაა დაგეგმილი.
როგორც “სავანეს” მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე ამბობს, მერიის მიერ სასამართლოზე წარმოდგენილი ხარჯთააღრიცხვის დოკუმენტში ისეთი შენობების დემონტაჟია მითითებული, რომლებიც ბაღში არ არის. მისივე თქმით ეს აჩენს ეჭვს, რომ საქმე ფულის გათეთრებასთან გვაქვს.
ქუთაისის ცენტრალური ბულვარისა და მიმდებარე შენობების რეაბილიტაციისთვის ტენდერი NAT220025121 მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა გასულ წელს გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების ვალდებულება შპს “დაგმა” აიღო.





მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით “დაგს” ცენტრალური პარკისა და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების (დაზუსტებული არ არის რომელ შენობებზეა საუბარი) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამის საფუძველზე, სამუშაოების განხორციელება ევალება. აღნიშნულისთვის 14 მილიონ 850 000 ლარია გამოყოფილი, საიდან 8 მილიონი, თანხის 55% უკვე გახარჯულია, თუმცა ბულვარში ჯერ გაკეთებული არაფერია.
რაც შეეხება თავად კაფე “სავანეს” შენობას, გიორგი ტურაბელიძის თქმით, რეკონსტრუქციის ხარჯთააღრიცხვის პროექტში, რომლის ფარგლებშიც ,,სავანეს’’ შენობა უნდა დაანგრიონ, კაფის დემონტაჟი ასახული არაა.
,,პროექტში ჩამოწერილია იმ შენობების სია, რომლებიც უნდა დაანგრიონ. ამ დოკუმენტში კაფეზე არაფერია ნათქვამი, რადგან 2006 წელს ბაღის აზომვით ნახაზზე ,,სავანე’’ არ დაიტანეს. კაფეს საკადასტრო კოდიც არ აქვს, შესაბამისად, პროექტში ვერ ასახავდნენ. ვითომ აქ შენობა არც დგას,’’ – ამბობს გიორგი ტურაბელიძე.
ქუთაისის მერიასა და კაფე-ბარ ,,სავანეს” მფლობელებს შორის ქუთაისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 16 ნოემბერს გამოაცხადებს.
სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვევა დაანგრევენ თუ არა ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფის შენობას.
რა ბედი ეწევა თითქმის ორსაუკუნოვან, ისტორიულ ბულვას და როგორ მოახერხებენ “ქალაქის პარლამენტად” წოდებული ტერიტორიის იმგვარად რეაბილიტაციას, რომ მან ხეების გაჩეხვის გარეშე დაიტიოს სამი, თუნდაც მცირე ზომის სტადიონი, გასახდელი შენობა, ტრენაჟორების, ბავშვთა, სამაგიდე თამაშების სივრცე და ფანჩატური ეს ჯერ კიდევ უცნობია.










