11 მარტის საღამოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, პოლიციელი 24 წლის კაცს ავტომანქანით დაეჯახა. დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
„ბათუმელები“ დაშავებულის ნათესავს მაია კალანდიას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელი კობა კვინტაძე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს.
„შემთხვევა მოხდა წუხელ, დაახლოებით 19:00 საათზე, სოფლის ცენტრში და როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა შსს დარჩელის საუბნო პოლიციის თანამშრომელი კობა კვინტაძე, სხვა ავტომანქანასთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით გადავიდა ტროტუარზე და დაეჯახა 24 წლის მურმან კალანდიას, რომელიც გადააგდო დიდ მანძილზე.
თვითმხილველებმა გვითხრეს, რომ კობა კვინტაძე იყო მთვრალი, რაც დამიდასტურეს სხვა მაღალჩინოსანმა პოლიციელებმაც.
მურმან კალანდიას ჩაუტარდა თავის ტვინის ნეიროქირურგიული ოპერაცია. ექიმის განმარტებით, მისი მდგომარეობა არის უმძიმესი და აქვს მეოთხე ხარისხის კომა.
მურმანს ჰყავს ორსული ცოლი და მძიმე შრომით ირჩენდნენ თავს“, – ამბობს მაია კალანდია.
მისი თქმით, კობა კვინტაძე ერთ-ერთი პოლიციელია, რომელიც ზუგდიდის საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაჯარიმებული პირების სასამართლო პროცესებზე ცრუ ჩვენებს აძლევს პროტესტის მონაწილე პირების წინააღმდეგ.
პოლიციელების ნასვამ მდგომარეობაში ყოფნაზე საუბრობს აქტივისტი მარიამ სიჭინავაც, რომელიც ამ ფაქტს გამოეხმაურა ფეისბუქში.
„ეს პოლიციელი ჩემი დამკავებელიც იყო და ცრუ ჩვენებაც მისცა ჩემ სასამართლოზე. პოლიციელების სიმთვრალეს აქვს სისტემური ხასიათი, ისინი სარგებლობენ იმ ძალაუფლებით, რომელიც მუნდირის ტარებით მიიღეს და მართავენ მანქანებსაც. ზუგდიდში აქციებზე არაერთხელ გვინახავს პოლიციელი, რომელიც ნასვამია და ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას“, – ამბობს მარიამი.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა გენერალურ პროკურატურას, სადაც განაცხადეს, რომ ავტოავარიის მონაწილე პოლიციელი დაკავებულია.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.