ლადო მესხიშვილის თეატრი მსახიობ ზვიად სვანაძეს ემშვიდობება. როგორც ცნობილია მსახიობი ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა.
“დაიბადა ქუთაისში, 1970 წლის 28 თებერვალს.
დაამთავრა მესამე საშუალო სკოლა.
მამის, საქართველოს სახალხო არტისტის ერემია სვანიძის გავლენით, თეატრი ბავშვობიდან მის მშობლიურ სამყაროდ იქცა და პროფესიული არჩევანიც სამსახიობო ხელოვნებაზე გააკეთა. 1987-1990 წლებში, კინოსა და დრამის მსახიობის სპეციალობით, სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში.
1989 წლიდან მესხიშვილის თეატრის მსახიობია. 2011 წლიდან, როგორც პედაგოგს, მეტყველების კურსი მიჰყავდა ა. ვასაძის სახელობის კულტურის სასწავლებელში.
ზვიადი მესხიშვილის თეატრში მოვიდა, როგორც ნიჭიერი, პერსპექტიული, საინტერესო ახალგაზრდა, ერემია სვანაძის შვილი, რომელმაც, ძალიან მალე, პირველსავე სპექტაკლებში საკუთარი სიტყვა თქვა, სრულიად დამოუკიდებლად სიარული დაიწყო და ინდივიდუალური ხელწერის მსახიობად ჩამოყალიბდა. ერთიორად საპასუხისმგებლო ამოცანებს, ნიჭით, დიდი შრომით და რუდუნებით, წარმატებით გაართვა თავი და ათწლეულებია ღირსეულად, თავისი ოსტატობით ხიბლავდა მაყურებელს, ხან დრამატული, ხან კომედიური, ჰეროიკული თუ ლირიული სახეებით. ერთნაირად საინტერესო იყო მისი აპოლონი ,, ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”, ლექსო -,, ნატაძრალი”, ტარიელი -,, ამიკო”, დიდრო-,, დიდრო”, ადოლფ ლაბა-,, სიკვდილისთვის განწირული ათეული”, ზებედე-,,უსასრულობის ათვლა დაიწყო”, დაფნა ,, ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” , სლადეკი-,, DUPLET” , ფერნანი-,,ქარი ქრის ვერხვებში”, აიეტი -,, მედეა”…
ქართული დრამატურგიის ენდემური არომატი, ევროპული ლიტერატურის ხიბლი, ჟანრის, სტილის ფაქიზი შეგრძნება, მართალი სიტყვა, სასიამოვნო ტემბრი, ენერგეტიკა, დაუოკებელი არტისტული იმპულსი…ბევრი რამ შეიძლება ითქვას ზვიადზე, მართლაც დიდ არტისტზე.
თავისი უცნაური ხასიათის გამო ბევრჯერ ვაჯავრებდით. სიყვარულით გადახრიდა თავს გვერდზე და კეთილად, გულიანად გაიცინებდა. ყოველთვის იცავდა თავის აზრს, სიტყვას, იცავდა პოზიციას, რომლის სიმართლეში დარწმუნებული იყო და არასოდეს ღალატობდა პრიორიტეტებს, არასოდეს ღალატობდა მეგობრობას და პროფესიას.
სამსახიობო მოღვაწეობის 35 წლის მანძილზე მრავალი შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი სცენური სახე შექმნა. მისი მიღწევები და წარმატებები სხვადასხვა ჯილდოებითაა აღნიშნული და დაფასებული.
ზვიად სვანაძე მესხიშვილის თეატრის უდიდესი დანაკლისია. მისი, როგორც ჭეშმარიტად ნიჭიერი არტისტის სახელი დიდხანს იქნება შეუცვლელი. მან შექმნა ნიშა, რომლის შემოქმედი თავად იყო, შემდგომში დანარჩენიც მისივე ხელდასმით მოხდება, უკვე იქიდან, სადაც ქარი ქრის ვერხვებში და სადაც მარადიული სინათლეა” – წერს ლადო მესხიშვილის თეატრი ოფიციალურ გვერდზე.










