ზესტაფონში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ.ზ. დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ასევე, აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები) რ.ბ., ხოლო ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებისთვის (368-ე მუხლი) ხ.გ. დააკავეს.
“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივნისს, ზესტაფონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სუფრაზე, სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც რ.ბ.-მ ლ.ზ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან ვ.ბ.-ს ესროლა. გულმკერდის არეში მიღებული ჭრილობის შედეგად ვ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ მომხდარი დანაშაულის შემდგომ ხ.გ.-მ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაანადგურა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გმომძიებელ ლ.ზ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.