ხმაური იყო ზესტაფონში. მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე მელქისედეკს მრევლის ნაწილი უპირისპირდება. მრევლმა დღეს მეუფის რეზიდენციისთვის სიმბოლურად კარის აჭედვა სცადა, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.
მათი თქმით, მეუფის მიმართ პრეტენზიები აქვთ. მრევლი ყვება, რომ მეუფემ ეპარქიაში საეჭვო რეპუტაციის პირები აკურთხა, რის გამოც მან ეპარქია უნდა დატოვოს და ეპარქია მრევლზე მზრუნველმა ეპისკოპოსმა ჩაიბაროს.
იმ შემთხვევაში, თუ მრევლის ნაწილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი აქციების გამართვას თბილისში გეგმავენ.
მსგავსი ბრალდებით მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ აქცია მეორედ გაიმართა.
მეუფე მელქისედეკთან დაკავშირებით გუშინ, 13 მაისს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია მღვდელმთავრის დასჯის თაობაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.