შეერთებულმა შტატებმა დააწესა ახალი სანქციები, რომელმაც 120-ზე მეტი სამიზნეზე მოიცვა, მიზანი რუსეთის შესუსტებაა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო – ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სანქციების სიაში მოხვდა უნგრეთში მდებარე რუსეთის კუთვნილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი International Investment Bank (IIB). დოკუმენტში წერია, რომ ეს არის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ფინანსური ინსტიტუტი ბუდაპეშტში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის თანახმად, უნგრეთის დედაქალაქში მდებარე ბანკი ხსნის კარს კრემლის მავნე გავლენისთვის ცენტრალურ ევროპასა და დასავლეთ ბალკანეთში და შეიძლება გახდეს კორუფციისა და უკანონო დაფინანსების მექანიზმი, სანქციების დარღვევის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის მიერ გამოცხადებული სანქციები კოორდინირებულია ბრიტანეთთან. დაწესებული სანქციები კი გავრცელდება 20-ზე მეტ ქვეყანაში, შეეხება კერძო და ფიზიკურ პირებს, მათ შორის რუსულ კერძო სამხედრო კომპანიას, ჩინეთში დაფუძნებულ ფირმას.
დოკუმენტის თანახმად, სანქციები შეეხება რუსულ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია Rosatom-თან დაკავშირებულ პირებსა და ფირმებს, რომლებიც დაფუძნებულია პარტნიორ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად თურქეთი. აშშ-ის ხაზინამ განაცხადა, რომ მან სანქციები დააწესა რუს ფინანსურ “ფასილიტატორებს” მთელ მსოფლიოში, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ჩინეთში დაფუძნებულ ფირმებზე. სანქციები, ყინავს ნებისმიერ აქტივს, რომელსაც ფიზიკური პირები და სუბიექტები ფლობენ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს იურისდიქციებში და უკრძალავს ამერიკულ და ბრიტანულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს მათთან თანამშრომლობას.