ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. თანამდებობა რევაზ მამასახლისმა დაიკავა. ინფორმაციას იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
ქუთაისის პოლიციის ახალ უფროსს, მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის VII სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ის ასევე გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე იყო.
რევაზ მამასახლისის სახელი და გვარი თბილისში, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გაჟღერდა.
დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების უფროსის მაშინდელი მოადგილე რევაზ მამასახლისი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში 2019 წლის 18 დეკემბერს დაკითხეს. დაკითხვიდან მალევე კი პოლიციელის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ განაცხადა, რომ რევაზ მამასახლისი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილის პოსტზე აღარ მუშაობს. უფლებადამცველმა განაცხადა ისიც, რომ რევაზ მამასახლისი მოზარდის დაკითხვაში არ მონაწილეობდა.
წყარო: “ინფო იმერეთი”