ხაჭაპურის ფესტივალზე კონკურსის ფარგლებში საუკეთესო მცხობელის სტატუსი იმერელმა დიასახლისმა ნაილი ბოჭორიშვილმა მოიპოვა.
ფესტივალის ფარგლებში ყველა სახის ხაჭაპური – მეგრული, იმერული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური მომზადდა.
აღსანიშნავია რომ “საუკეთესო მცხობელთან ერთად” კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა იმერეთმა. ქუთაისის საცხობის “ოკო” ხაჭაპური ვიზიტორთა რჩეული გახდა.
როგორც საუკეთესო მცობელმა ქალმა ნაილი ბოჭორიშვილმა ambebi.ge-სთან განაცხადა რომ ის გამარჯვებას არ ელოდა.
“უბრალო, იმერული ოჯახის დიასახლისი ვარ. არ ვაპირებდი ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებას, რადგან ვიცოდი რომ აქ ცნობილი რესტორნის მზარეულები იყვნენ მოწვეულები, ამიტომ თავს ვიკავებდი… მაგრამ მთხოვეს, რომ უნდა მოვსულიყავი. არ ველოდი ამ გამარჯვებას” – ამბობს ნაილი ბოჭორიშვილი.
ღონისძიების „ხაჭაპურის კონკურსში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 37 მოყვარულმა და პროფესიონალმა მზარეულმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასები, მათ შორის, გურამ ბაღდოშვილის მესხური ხაჭაპური, ესმა კუნჭულიას გურული ღვეზელის საიდუმლო და ისტორია, დალი ცატავას და გასტრონომიის ასოციაციის კვლევა საქართველოს გასტრონომიული კულტურის შესახებ, ხაჭაპურის გზა UNESCO-მდე და ყველის ასოციაციის ხელმძღვანელის ანა მიქაძის ყველის ამოყვანის მასტერ-კლასი.
ხაჭაპურის ფესტივალი წარმოადგენს ახალ ტურისტულ პროდუქტს, რომელიც საქართველოს გასტრონომიული კულტურისა და ხაჭაპურის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ქართული გასტრონომიის ეს დღესასწაული სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ, საქართველოში USAID-ის „ზრდა“ პროექტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრისა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.