მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე, მთავრობის სახლთან, სადაც ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ოპოზიციის შეკრება და მსვლელობა უნდა გაიმართოს, განსაკუთრებული დანიშნულების მობილური რაზმის რამდენიმე მანქანა უკვე გამოჩნდა. ამ დროისთვის ადგილზე მშვიდი ვითარებაა. მთავრობის სახლისა და ლენინის ძეგლის მიმდებარედ რკინის ბარიერებია განთავსებული.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ოლგა ჩემოდანოვას განცხადებით, სამართალდამცველები მინსკის ცენტრში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ. მისივე ინფორმაციით, ხდება ინტერნეტის მონიტორინგიც.
„თვალს ვადევნებთ ოპოზიციის დღევანდელ მოწოდებებს“, – განაცხადა ჩემოდანოვამ.
ბელარუსში ოპოზიციის მომხრეები, ადგილობრივი დროით, 14:00 საათისთვის არასანქცირებული მსვლელობისთვის ემზადებიან, რომელიც მინსკის ცენტრში გაიმართება.
მოსალოდნელია, რომ მარში სახელწოდებით – „ ახალი ბელარუსის მარში“ დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართება და მისი მონაწილეები დამოუკიდებლობის პროსპექტზე მსვლელობას გამართავენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა: ყველა დაკავებული დემონსტრანტის გათავისუფლება, მოძალადეებისა და მკვლელების გასამართლება და პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომა.