სოციალურ ქსელში მაღაზია 2 ნაბიჯის კამერების ვიდეომასალა ვრცელდება, სადაც არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული მკლავჭიდელის, ხატია ვიბლიანის მიერ მოზარდის მიმართ ჩადენილი ძალადობის ამსახველი კადრები ჩანს. ვიდეოს თათია მაისურაძე ავრცელებს.
მაისურაძის ინფორმაციით, თვითმხილველ პირთა მტკიცებით, მაღაზიაში მყოფი ადამიანები ცდილობდნენ ბრალდებულის აგრესიული ქმედებების შეკავებას, რათა ვიბლიანი, რომელიც არასრულწლოვანს კამერებისგან მოშორებით, მაღაზიიდან გარეთ გასვლისკენ მოუწოდებდა, არ მიეშვათ მოზარდთან ახლოს.
გამოძიების თანახმად, 11 სექტემბერს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა, ხატია ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.
ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. თვითმხილველი წერდა, რომ ვიბლიანის მიერ 14 წლის მოზარდზე ძალადობას მისი მცირეწლოვანი შვილიც ესწრებოდა.
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება 16 სექტემბერს წარუდგინა.
ვიბლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, თქვა რომ არ ემხრობა ძალადობას, ასევე დასძინა, რომ არ იცოდა, დაზარალებული არასრულწლოვანი იყო და ეს იმის შემდეგ გაიგო, რაც მასზე “ბულინგი წავიდა”.
14 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ წერილში არასრულწლოვანის ოჯახი ვიბლიანის პატიმრობას მოითხოვს, რადგან თავს დაცულად ვერ გრძნობენ.