სუპერმარკეტ „სმარტის“ მენეჯერის, რუსუდან ოქრომელიძის განმარტებით, შენობის მეორე სართულზე აფეთქება წყლის გამაცხელებელმა ავზმა გამოიწვია, თუმცა ეს ვარაუდია, რადგან საბოლოო მიზეზს გამოძიება დაადგენს.
„ღამითვე დაილუქა „სმარტის“ ობიექტი. ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზას. მიზეზი არ ვიცით, გამოძიების პროცესშია. არავინ დაშავებულა, ერთი ადამიანი იმყოფებოდა ახლო ტერიტორიაზე და გადარჩა.
წინასწარი ვარაუდით წყლის ვოილერი აფეთქდა. არ ვიცი შეიძლება ასეც არ აღმოჩნდეს. ჩვენც ვერ შევედივართ ტერიტორიაზე, პოლიციას აქვს გადაკეტილი“, – ამბობს იგი.
სავაჭრო ობიექტის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა, მენეჯერს ვკითხეთ, იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული:
„ობიექტის უსაფრთხოებაზე დაცვის თანამშრომელი ზრუნავს, ასევე არსებობს სამსახური ჩვენს კომპანიაში, რომელსაც შრომის უსაფრთხოებაც ეხება. სხვა სიტუაციაა ეს არის გაუთვალისწინებელი შემთხვევა. არ არის დაკავშირებული შრომის უსაფრთხოებასთან“, – ამბობს რუსუდანი.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე „სმარტის“ შენობაში გვიან ღამით 22:40 საათზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ‘სმარტში’ მომხდარი აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა ძლიერმა ტალღამ შენობის მეორე სართულზე დამაგრებული რკინის კონსტრუქციები მოგლიჯა და ორ ქუჩაზე გაფანტა.
რკინის კონსტრუქციები, რომლებმაც ადგილობრივების საცხოვრებელი სახლის კარ–ფანჯარა დააზიანა, თამარაშვილის და მთაწმინდელის ქუჩებზე ყრია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ის 240–ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.