ვაზისუბანში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით არავის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა. მიმდინარეობს გამოკითხვები – სამართალდამცველები ინფორმაციას მიიღებენ ადგილობრივებისგან, რომლებიც ამტკიცებენ რომ ლიფტი დიდი ხანია ავარიულია და არაერთხელ მოითხოვეს პრობლემის მოგვარება.
მათთვის უცნობია მიმართა თუ არა გამგეობას კორპუსის თავმჯდომარემ ლიფტის გაუმართაობის პრობლემის მოსაგვარებლად. თავად ამხანაგობის თავმჯდომარე, გარიკ სიმონიანმა დღეს მასთან მისულ ჟურნალისტებს კარი არ გაუღო.
არსებული ინფორმაციით, 2021 წლის შემდეგ სიმონიანს გამგეობისთვის არ მიუმართავს. ირკვევა, რომ სიმონიანმა ერთადერთხელ მიმართა გამგეობას 4 პრობლემით, თუმცა ლიფტის უსაფრთხოების საკითხი არ დაუყენებია.
“ჩვეულებრივად მუშაობდა. ყველა ლიფტი რომ ამორტიზებული და ძველია, ეს გასაგებია ყველასთვის. ხანდახან კეთდებოდა, როგორ არა, ხან კარი არ იკეტებოდა, რაღაც ასეთი. აკეთებდნენ. აქ ლიფტის ფულს ვკრიბავთ ხოლმე ჩვენ და ისინი აკეთებენ ამ საქმეს”,- ამბობს კორპუსის მცხოვრები.
შეგახსენებთ, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე გაუმართავმა ლიფტმა იმსხვერპლა. უბედური შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. ლიფტის გამოძახების შემდეგ მისი კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა გამოძახებულ სართულზე არ იყო. შახტაში მამაკაცი ჩავარდა, რა დროსაც დახმარებას მეუღლე შეეცადა. ლიფტი სწორედ ამ დროს დაიძრა, შედეგად კი ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.