“ვადასტურებ იმას, რომ 15 წლის ბავშვმა მიიყენა თვითდაზიანება”, – განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ლუკა სირაძის ყოფილმა თანაკლასელმა გოგომ თვითმკვლელობა სცადა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკა სირაძის ყოფილ თანაკლასელ გოგოს “მწვანე სკოლის” ადმინისტრაციამ სთხოვა დაასახელებინა იმ პირის ვინაობა თუ ვინ გააკეთა სკოლის კელდებზე წარწერა, იმ პირობით, რომ პოლიციას არ შეატყობინებდა.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.
12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.
17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.