ე.წ. სასამართლომ ე.წ. პროკურატურის პოზიცია, რა თქმა უნდა, 100%-ით გაიზიარა იმიტომ, რომ მოსამართლე არის უუფლებო – კლანის ზედა ეშელონი რასაც დაავალებს, იმას გააკეთებს, შემეცოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, „რეჟიმის“ მხრიდან ყოველი ნაბიჯი ოპოზიციას მხოლოდ აძლიერებს და აერთიანებს.
„ზუსტად ვიცი, რისთვის ვიბრძვი და ჩვენ ყველამ ზუსტად ვიცით, რისთვის ვიბრძვით. მე ვიბრძვი, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ერთიანი ქვეყანა, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა, გვქონდეს დემოკრატიული სისტემა, სადაც არ არიან პოლიტპატიმრები და რომელიც მიდის სწრაფად ევროკავშირისკენ. ვებრძვით რეჟიმს, რომელსაც უნდა დაგვტოვოს მარტო მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ამ ბრძოლის მორიგი, კიდევ ერთი ხაზი და ყველა ასეთი ნაბიჯი რეჟიმის მხრიდან ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს, გვაერთიანებს და უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. მერწმუნეთ, ძალიან მალე ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.