ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. პროკურორი შმაგი გობეჯიშვილის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა.
პროკურორის თქმით, ახობაძემ უკანონოდ შეიძინა 3 გრამზე მეტი “ალფა პევეპე”. მისივე განმარტებით, თუ რა მიზნით ესაჭიროებოდა მას ეს ნივთიერება, სად და რა ვითარებაში შეიძინა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
პროკურორი დაკავებულის წარსულზეც საუბრობდა. კერძოდ, მისივე ინფორმაციით, ახობაძე ნარკოდანაშაულზე წარსულშიც არაერთხელ იყო დაკავებული – მათ შორის, 2013 წელს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, ასევე, 2018 წელს სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, 2019 წელს უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას.
დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა.
ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის თქმით, განჩინება და დაკავების ოქმი უკანონოა და საქმეში ვიდეომტკიცებულება არ არსებობს.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ადგილზე მყოფ პოლიციელებს ტექნიკური რესურსი არ ჰქონდათ და ნივთმტკიცების ამოღება ვერ გადაიღეს, დამაჯერებელი არ არის.
როგორც ადვოკატი განმარტავს, საქმეში ნეიტრალური მტკიცებულება უნდა არსებობდეს.
ამასთან, ადვოკატი შეეხო იმ ფაქტსაც, რომ ახობაძე წარსულში ნასამართლევია.
ლაშა ცუცქირიძის თქმით, ახობაძეს ის დანაშაულები ნაღიარები აქვს, ახლა კი, იმას, რაც არ ჩაუდენია, ვერ აღიარებს.
ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს და მას ნარკოტიკებთან შეხება არ აქვს.
ადვოკატებმა დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა, ალტერნატივის სახით გირაო 30 000-ლარის ოდენობით შესთავაზეს. ამასთან, მათ სასამართლოს თავდებში მყოფი პოლიტიკოსების სიაც შესთავაზეს. მათ შორის, ახობაძეს თავდებში ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეც ჩაუდგა.
გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს და ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
მან დღეს დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მოხდა „სპექტაკლის“ სახით მისი დაკავება და ნარკოტიკის „ჩადება”.
როგორც მან აღნიშნა, ნარკოტიკების პრობლემა დაამარცხა და წარსულში დატოვა. მისივე განმარტებით, ამ პრობლემიდან გამომდინარე, მისი დაკავება ამ ბრალდებით საზოგადოებისთვის მარტივად დასაჯერებელი იქნებოდა.
როგორც ახობაძემ აღნიშნა, ის მისი სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობების გამო გაფრთხილებული იყო, რომ შეიძლებოდა, მსგავსი რამ დამართოდა.
ამასთან, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მას ბიოლოგიური მასალა უკანონოდ აუღეს.
ახობაძის თქმით, „პოლიციელებს რომ [ნარკოტიკი] არ ჩაედოთ ჯიბეში, ახლა დედამისთან სახლში იქნებოდა.
მან დედის ჯანმრთელობაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ დედას ინსულტი აქვს გადატანილი, რის შემდეგაც, მას მეტყველების უნარი აქვს დაკარგული, ვერ გადაადგილდება, მწოლიარე მდგომარეობაშია და მისი მოვლისა და მზრუნველობის პასუხისმგებლობა მას აქვს.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.