11 მარტს საღამოს საათებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი, რომელსაც პოლიციელი კობა კვიტანძე მართავდა ტროტუარზე მყოფ 24 წლის ახალგაზრდას შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიჭი ადგილიდან გარკვეულ მანძილზე მოისროლა. უმძიმესი დაზიანებებით ახალგაზრდა ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაში რჩება.
“შემთხვევა წუხელ, დაახლოებით 19:00 საათზე, სოფლის ცენტრში მოხდა. სავარაუდოდ, მძღოლი სიჩქარით მოძრაობდა და დაეჯახა ჩვენ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდას, 24 წლის მურმან კალანდიას, რომელიც დაჯახების შემდეგ გადააგდო გარკვეულ მანძილზე. ბიჭს იმდენად მძიმე დაზიანება ჰქონდა, რომ კლინიკაში მიყვანისთანავე ჩაუტარდა თავის ტვინის ნეიროქირურგიული ოპერაცია. ექიმის განმარტებით, მისი მდგომარეობა არის უმძიმესი, სჭირდება კიდევ ერთი ოპერაციული ჩარევა, მაგრამ ექიმები ჯერჯერობით ელოდებიან სიტუაციის დასტაბილურებას. ახლა მოვედი კლინიკიდან, მთელი ღამე იქ გავათენეთ, მძიმეა დაშავებული ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმები ჯერ დამაიმედებელს არაფერს ამბობენ, ბიჭს ხელს ვერ კიდებენ, დროზეა ყველაფერი დამოკიდებულიო. შემთხვევის ადგილზე არ ვყოფილვარ, პირდაპირ საავადმყოფოში წავედი ეს ამბავი რომ გავიგე. რამდენიმე საათი გრძელდებოდა ოპერაცია. ახლა საქმეს სამართალდამცავები იძიებენ. როგორც ვიცი, ბიჭი ფეხით მოძრაობდა, გზაზე არ გადადიოდა, ტროტუარზე იყო და ამ დროს დაეჯახა მანქანა, რომელსაც პოლიციელი მართავდა. აფხაზეთიდან დევნილია ეს პოლიციელი, კობა კვიტანძე, წლებია ჩვენს სოფელში, დარჩელში მუშაობს. ოპერატიული პოლიციის თანამშრომელია. არ მისული სოფლის ცენტრამდე მოხდა ეს მძიმე ფაქტი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს პოლიციელი, რომელიც ბიჭს დაეჯახა მთვრალი იყო და თითქოს მან მიატოვა ავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილი, მაგრამ ეს არ არის ასე. მას არ დაუტოვებია იქაურობა, იმ წუთიდან იქ იყო, მერე ექსპერტიზაზე წაიყვანეს და მერე დააკავეს. ჯერ არის არის ცნობილი ექსპერტიზის პასუხი, ამიტომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მთვრალი იყო, არ არის მართალი. ახლა მთავარია ბიჭი გადარჩეს. ყველაფერი კეთდება მის გადასარჩენად. უპატიოსნესი ოჯახის შვილია და უწესიერესი ბიჭია. ნახევარი წელია რაც დაოჯახებულია, ჰყავს ორსული მეუღლე. სულ შრომობდა, მართლა ძალიან წესიერი ადამიანი. ვერც იმ პოლიციელზე ვიტყვი ცუდს, დიდი ხანია ჩვენს სოფელში მუშაობს და ყველა იცნობს. თავს იკლავდა იქ, ეს ამბავი რომ მოხდა. სავარაუდოდ დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ისიც ითქვა მანქანა მოუცურდაო. ის რომ თითქოს მთვრალი იყო და მიატოვა, ჭორია, ან როგორ მიატოვებდა, სადაც მუშაობს თვითონ პოლიციის შენობიდან 50 მეტრშია მომხდარი ავარია. იმ დღეს თვითონ კობა არ მუშაობდა, სამსახურში არ იყო. მისი მეუღლე ინგლისურის მასწავლებელია და მის წამოსაყვანად მიდიოდა. ამ დროს მოხდა ავარია. კობასაც კარგად დავახასიათებ, მოწესრიგებული ბიჭი იყო და ყველას უკვირს რაც მოხდა, არ უყვარდა დალევაო ამბობენ, ამიტომ სავარაუდოდ სიჩქარეა მიზეზი, რადგან დაჯახების შემდეგ მოისროლა ბიჭი გარკვეულ მანძილზე. ზუსტად დეტალებს ალბათ გამოძიება დაადგენს. ახლა მთავარია ბიჭი გადარჩეს. 24 წლის ძალიან კარგი ადამიანი ებრძვის სიცოცხლეს და ყველანი მის გადარჩენაზე ვლოცულობთ. მურმანი სად იყო იმ მომენტში ზუსტად და სად დაეჯახა მანქანა, ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, ის გზაზე არ გადადიოდა, ტროტუარზე დაეჯახა მანქანა. გვიან მივედი იქ, სასწრაფოს მიჰყავდა უკვე დაშავებული და მეც უცებ გავყევი. ფაქტს ჰყავს თვითმხილველები. ყველამ გაიგო დაჯახების ხმა და მერე ყველამ მიირბინა იქ. ეტყობა სიჩქარეა მიზეზი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ერთი ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ მერე ოპერაცია ვერ გაუკეთდა სიმძიმის გამო, ელოდებიან, რომ სასიკეთოდ შეიცვალოს მდგომარეობა. ღმერთმა ქნას გადარჩეს. თბილისში გადაყვანა უნდოდა ოჯახს, მაგრამ ესეც ვერ ხერხდება მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე. ღამე ძალიან გვიან მორჩა ოპერაცია. თბილისიდან ნეიროქირურგებიც ჩართულები არიან და ყველაფერი კეთდება მის გადასარჩენად. ღმერთმა ქნას გადარჩეს, ჩვენ ეს გვინდა რომ გადარჩეს. ძალიან ახალგაზრდა ბიჭია, ძალიან მშრომელი. დარჩელის სოფელში ეხმარებოდა რამდენიმე მაღაზიას ტვირთის გადაზიდვაში. ყველას უყვარს მურმანი. ახლა კიდევ აგრო მაღაზიაში დაუწყია მუშაობა. სულ შრომობდა, ოჯახს არჩენდა თავისი პატიოსანი შრომით, მართლა უწესიერესი ბიჭია. ამ თემით სპეკულირება არ შეიძლება. ყველანი იმას ვნატრობთ, რომ გადარჩეს”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
დღეს კი მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთვრალი პოლიციელი მართავდა დიდი სიჩქარით მანქანას და ტროტუარზე მყოფ ბიჭს დაეჯახა. როგორ აღმოჩნდა პოლიციელის მანქანა ტროტუარზე, რა იყო ამ უმძიმესი ავარიის მიზეზი, ამას იმედია სამართალდამცავები დაადგენენ. ავტოავარიის მონაწილე პოლიციელი უკვე დაკავებულია. რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას უცნობია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.