“ეს პროექტი არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი ევროპელი პარტნიორები. არც ჩვენ და არც ისინი არ ითვლიან 33 წლის განმავლობაში, ჩვენმა პარტნიორებმა სხვადასხვა დარგში სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის რამდენი მიმართულებით რამდენ პროექტში გაუწოდეს ხელი ჩვენს ქვეყანას – ეს ნორმალურმა ქვეყანამ არასოდეს არ უნდა დაივიწყოს და მე მჯერა, რომ ჩვენ ძალიან ნორმალური ქვეყანა ვართ და ვიცით, რა არის მადლიერება.
ამ პროექტში მონაწილეობდნენ საფრანგეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ასევე საერთაშორისო ფონდები და ეს ამ მხრივ ერთ-ერთი ასეთი საერთაშორისო ერთობლივი პროექტი იყო და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. ყველასთვის ძალიან საინტერესოა კულტურების გაცვლა და ერთმანეთის უკეთ გაცნობა. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს პროექტი ეხება პირიქითა ხევსურეთს, ანუ ჩვენს საზღვარს და ამით ის ძალიან ღირებულია. ჩვენ იქ უნდა ვიყოთ და არ დავცალოთ ჩვენი საზღვარი. დღეს ერთი კოშკი ძალიან ბევრს ნიშნავს, ის სოფლები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლობენ, სადაც ჯერ კიდევ არიან, ან სადაც ზოგჯერ კიდევ ბრუნდებიან ადამიანები (და ამასაც ხელი უნდა შევუწყოთ), ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის” -თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას, სადაც “ევროპა ნოსტრას” მიერ დაჯილდოებული პროექტის, “ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია არხოტში” მონაწილეების მიღება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა