ანა მონტესი – ერთ-ერთი ყველაზე საშიში ჯაშუში, რომელიც ოდესმე დაუკავებიათ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს: ის თავისუფალია
შეერთებულ შტატებში 20 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაშუში ანა მონტესი გაათავისუფლეს.
მონტესი, რომელიც ახლა 65 წლისაა, პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოში ანალიტიკოსად მუშაობდა და კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
2001 წელს მისი დაპატიმრების შემდეგ, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მან თითქმის სრულად გასცა აშშ-ს დაზვერვის ოპერაციები კუნძულზე.
ერთ-ერთი მათგანის თქმით, მონტესი იყო ერთ-ერთი ყველაზე საშიში აგენტი, რომელიც ოდესმე დაუკავებიათ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს და მან დიდი ზიანი მიაყენა შეერთებულ შტატებს.
მიშელ ვან კლივმა, კონტრდაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, 2012 წელს კონგრესს განუცხადა, რომ მონტესმა კუნძულზე ამერიკელი აგენტების საქმიანობაზე არაერთი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია გასცა.
“კუბელებმა კარგად იცოდნენ ყველაფერი, რაც ჩვენ მათ შესახებ ვიცოდით და შეეძლოთ თავის სასარგებლოდ გამოყენება. გარდა ამისა, მან შეძლო კოლეგებთან პირადი საუბრებით გავლენა მოეხდინა კუბაში არსებული სიტუაციის შეფასებაზე და, ამასთანავე, შეძლო მოეპოვებინა ის ინფორმაციაც, რომელიც მისი უფლებამოსილების მიღმა იყო,” – განაცხადა ვან კლივმა.
მონტესს დაკავების შემდეგ, ბრალი დასდეს დაზვერვის ოთხი ამერიკელი ოფიცრის ვინაობის გათქმასა და დიდი რაოდენობით საიდუმლო მასალის გამხელაში. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ თქვა, – მისმა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა მთელი ამერიკელი ერის უსაფრთხოებასო.
ცივი ომის მრავალი სხვა ცნობილი ჯაშუშისგან განსხვავებით, ანა მონტესი მოტივირებული იყო იდეოლოგიური მოსაზრებებით და არა პირადი სარგებლით. მას არ მოსწონდა რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის მოქმედება ლათინურ ამერიკაში და სწორედ ამან აიძულა, რომ ეთანამშრომლა კუბის დაზვერვასთან.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მონტესი აღშფოთებული იყო “კონტრასების” – მემარჯვენე მეამბოხე ჯგუფისადმი ამერიკის მხარდაჭერით, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ნიკარაგუაში ომის დანაშაულებებსა და სხვა სისასტიკეში.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ მას 1984 წელს დაუკავშირდა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანაკურსელი. მოგვიანებით იგი გააცნეს კუბის დაზვერვის აგენტს და უყოყმანოდ დათანხმდა კუბელებთან მუშაობას ნიკარაგუას დასახმარებლად.
თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ის ხვდებოდა კუბელ კურატორებს ვაშინგტონის რესტორნებში და აწვდიდა მათ საიდუმლო ინფორმაციას.
2001 წლის სექტემბერში იგი დააკავეს, მას შემდეგ რაც აშშ-ს დაზვერვის ოფიცრებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ დაზვერვის ერთ-ერთი თანამშრომელი ჯაშუშობდა კუბის სასარგებლოდ.
გათავისუფლების შემდეგ მონტესი მეთვალყურეობის ქვეშ ხუთი წელი იქნება. მას ასევე ეკრძალება ხელისუფლებაში მუშაობა ან უცხოელ აგენტებთან ნებართვის გარეშე დაკავშირება.
თუმცა, FBI მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან აღადგინოს კავშირები თავის კუბელ მოკავშირეებთან.
“მისი ცხოვრების ეს ნაწილი უკან დარჩა“, – უთხრა CBS-ს პიტ ლაპმა, ერთ-ერთმა აგენტმა, რომელმაც მონტესი დააკავა.