„ამერიკაში თუ იკითხავ, რა არის საქართველო, გეტყვიან, რომ ეს არის პატარა ქვეყანა, რომელსაც კონფლიქტი აქვს რუსეთთან, მაგრამ ყველა საკუთარი თვალით ხედავთ, რომ ეს ქვეყანა უნდა ამოვიყვანოთ ასეთი აღქმიდან“, – ამის შესახებ Cerberus Frontier-ის თანათავმჯდომარემ და მთავარმა მმართველმა დირექტორმა, ალექსანდერ ბენარდმა განაცხადა.
მან პანელზე „ინვესტიციები წარმატებისთვის“ ისაუბრა საქართველოს, როგორც ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს შესახებ.
„ჩემი როლი გახლავთ, აღმოვაჩინო ნაკლებად ცნობილი ადგილები მსოფლიოში. ვპოულობ ქვეყანას, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით არ არის შესაბამისად შეფასებული და იქაურ ბაზარზე შესაბამისი ინვესტიციები არ შედის. გვინდა, ვიპოვოთ ეს ქვეყნები და ამ ქვეყნებზე ფსონი დავდოთ. მე ისეთ ბაზრებს ვეძებ, რომლებიც გაცილებით უკეთესია, ვიდრე ზოგადი აღქმა არსებობს მათზე და საქართველოში ვიპოვე შესაძლებლობები. თუ ელაპარაკები ადამიანს, განსაკუთრებით ამერიკაში და ჰკითხავ, რა არის საქართველო, გეტყვის, რომ ეს არის პატარა ქვეყანა რთული მეზობლებით, რომელსაც კონფლიქტი აქვს რუსეთთან, 10 წლის წინ ჰქონდა, რაც ამერიკელებს კარგად ახსოვთ. მაგრამ თქვენ აქ ჩამობრძანდით და ყველა საკუთარი თვალით ხედავთ, რომ ეს ქვეყანა უნდა ამოვიყვანოთ ასეთი აღქმიდან. სასტუმროში ხარ და ფიქრობ, რომ ნიუ-იორკში ან ლონდონში ხარ, ამინდიც უკეთესია ლონდონთან შედარებით. ელაპარაკები პოლიტიკის შემქმნელებს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებს და ხვდები, რომ დახვეწილობის საკმაოდ მაღალი დონეა. ეს არ არის რაღაც მოსაზღვრე რეგიონი, ფაქტობრივად, ეს არის განვითარებული ბაზრის დონე. გადაწყვეტილების მიმღებები ინგლისურს კარგად ფლობენ, მსოფლიო წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს განათლება, ყველა თემაზე საუბრობენ, რაც ეხება ბიზნესს, ინვესტიციებს. საკმაოდ გათვიცნობიერებული პოლიტიკის შემქმნელები გყავთ ქვეყანაში“, – განაცხადა ბენარდმა.
მისივე თქმით, საქართველო იძლევა შესაძლებლობებს როგორც თავად ქვეყნის შიგნით, ამასთანავე, რეგიონული თვალსაზრისითაც.
„რეგიონული დინამიკა გამოწვევებითაა აღსავსე, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ დიდი შესაძლებლობების მომცველია, რადგან კავკასიის ფართო რეგიონი რამდენიმე ტრილიონის ეკონომიკაა. საქართველო გახდება თუ არა რეგიონის ირლანდია თუ შვეიცარია, ყოველ შემთხვევაში, ყველაზე კარგი ბიზნეს გარემო აქვს. ერთი მხრივ, რთული მეზობლობა გამოწვევაა, მეორე მხრივ, შესაძლებლობაა, ვინაიდან საქართველოში დაფუძნების შემთხვევაში, უზარმაზარი უპირატესობა გაქვს და შეგიძლია, ქვეყნებზე მარტივად გახვიდე. აქ კარგი მარეგულირებელი გარემოა, კარგი დაბეგვრის გარემოს თვალსაზრისით და ცხოვრების ძალზე კომფორტული ხარისხი. რეგიონალურ შტაბ-ბინის თვალსაზრისით ეს ძალზედ მიმზიდველი ადგილია“, – აღნიშნა ბენარდმა.