მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
შემთხვევის ფოტო და ვიდეო კადრებს ფეისბუკში გოჩა მირცხულავა ავრცელებს.
https://www.facebook.com/gocha.mir/videos/10221389072706354/?t=0
როგორც შსს-ში აცხადებენ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მგზავრი დაიღუპა, მძღოლი კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მეორე მანქანაც, შემხვედრი მიმართულებით მოძრავი „ჰონდაც“ მონაწილეობდა, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. დაშავდა ერთი მგზავრი. შეჯახების გამო დაზიანდა კიდევ ერთი მანქანა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.