იასონ წამალაიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია.
„ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. ამ წუთებში უტარდება ექსპერტიზა. ოჯახმა სრულიად შემთხვევით იპოვა ბინის გარეთ, დერეფანში წაქცეული. რატომ, როგორ, გაურკვეველია. არაფერი არ აწუხებდა ადამიანს. არ ვიცით ჯერჯერობით, ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს,“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ ეპისკოპოსის ოჯახის ახლობელმა.
იასონ წამალაიძე 50 წლის იყო და როგორც ამბობენ ჯანმრთელობას არ უჩიოდა.
გარდაცვლილი ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე სამგორში, მეტრომშენის დასახლებაში მდებარე ეკლესიაში მსახურობდა. ეს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებაშია.
შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.
ქრისტეფორე წამალაიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მისი შვილი – რომელიც 25 წლის განმავლობაში იყო სასულიერო პირი – სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა საკუთარ ბინაში უეცრად, ოჯახის წევრების თანდასწრებით გარდაიცვალა.
ქრისტეფორე წამალაიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მღვდელთმთავარია, რომელიც საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან დაპირისპირების გამო ეკლესიას გამოეყო. წამალაიძე ახლა დამოუკიდებელი მღვდელია, ჰყავს საკუთარი მრევლი და მღვდელმასხურებას საკუთარ სახლში ეწევა.
წამალაიძის თქმით, შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ეჭვები არ აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.