თებერვალში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 15.8%-ით, მოხმარება 1.8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია საუბარი.
უფრო კონკრეტულად, პუბლიკაციის მიხედვით, 2026 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 995 გვტ. საათამდე გაიზარდა.
ამასთან, ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება წლიურ ჭრილში 51.9%-ითაა გაზრდილი 672 გვტ.საათამდე, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავება წლიურად 17.6%-ით გაიზარდა 6.6 გვტ. საათამდე. რაც შეეხება თბოსადგურებს, მათი გამომუშავება 23.3-ით, 316 გვტ საათამდე შემცირდა.
„თიბისი კაპიტალის მიხედვით, ამავე თვეში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1,226 გვტ. საათამდეა გაზრდილი. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, თებერვალში საცალო მოხმარებამ 703 გვტ. საათი შეადგინა (წლიურად 22.2%) ხოლო პირდაპირი მოხმარება 25.4%-ით გაიზარდა და 266 გვტ. საათს გაუტოლდა. ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7%-ით, 257 გვტ.საათამდე შემცირდა.
რაც შეეხება ღირებულებას, „თიბისი კაპიტალის“ მიხედვით, საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ფასმა 0.0557 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 6.6%-იანი კლებაა. ამასთან, ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები თვიურ ჭრილში 10.6%-ით შემცირდა.
„თიბისი კაპიტალის“ მიხედვით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 7.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 277 გვტ. საათი ელექტროენერგია. აქედან, 29%, 81 გვტ.საათი, ქვეყანამ აზერბაიჯანისგან მიიღო;
რუსეთიდან იმპორტირებული 194 გვტ საათი ელექტროენერგიის დიდი წილი კი, 129 გვტ.საათი, ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარების დასაფარად იყო გამოყენებული.










