სოფელ კურსებში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობას ადგილობრივი მთავრობისა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სტიქიის შედეგად დაზარალებული მარიამ ბეროძე აქვეყნებს:
“27-ე დღე კურსების მეწყერიდან, მშრალად
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად და გამომწვევ მიზეზებზე გვესაუბრნენ:
1. ტერიტორიის მორფოლოგიური პირობები, გეოლოგიური აგებულება და ტექტონიკა, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ეროზიულ-მეწყრული პროცესების განსავითარებლად.
2. ამგები ქანების ინტენსიური დანაწილება და მათი ჭარბი გაწყლოვანება გრუნტის და ზედაპირული წყლებით.
3. მეწყერის ჩასახვა-განვითარებაში მნიშვნელოვანი და შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშა უბნის ჰიდროგეოლოგიურმა პირობებმა. გრუნტის წყლების ძველი და ახალი გამოსვლებია დაფიქსირებული.
4. არ გამორიცხავენ სეისმურ ბიძგებს, და უხვ ნალექს.
სულ ესაა.
ამის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავედით, რომელმაც აბსოლუტურად დაკარგა კონტროლი და განუკითხაობა დაიწყო. მაგრამ მაგასაც ვაჯამებ:
1. ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზის აღდგენაზე უარია, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მეწყერი ისევ საშიშია ამ გზაზე და ფიზიკურად, იქ ვერაფერი გაკეთდება.
2. სტიქიის ზონააი 59 სახლიდან 20 დანგრეული, 15 დეფორმირებული, დანარჩენები მნიშვნელოვნად დაზიანებული არაა. თუმცა მეწყერის გააქტიურების რისკი ისევ მაღალია და იქ ცხოვრება არ შეიძლება.
3. ანაზღაურების ნაწილში სიახლე ისაა, რომ ეკომიგრანტები ვართ, თუმცა ჯერ მუშაობენ ამ საკითხზე და ჯერ არ გადაწყვეტილა, 30 000 ლარს მოგვცემენ თუ რა თანხებზეა საუბარი.
ჯერჯერობით ყველაზე ბუნდოვანი საკითხი ესაა.” – წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე.