კვლევა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად მიმდინარეობს, იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ, ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 27 წლის ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეების ნდობა „ასტრაზენეკას“ მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ვაქცინაციის პროცესი ჩვეულ რიტმში აღდგება.
„რა თქმა უნდა, „ფაიზერი“ გამოიკვეთა როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა, თუმცა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებლები აჟღერებენ, ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია. ის ღრმა კვლევა, რომელიც მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი არ ყოფილა ვაქცინა და ჩვენ მოქალაქეების ნდობა „ასტრაზენეკას“ მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ვაქცინაციის პროცესი ჩვეულ რიტმში აღდგება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.